GEM FEST-ზე ერთ-ერთი კაფის მფლობელი: ფესტივალზე თავიდანვე იყიდებოდა ნარკოტიკები და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს დაჭერები, ნარკოტიკებით გოგო რომ გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში გავრცელდა GEM FEST-ზე ერთ-ერთი კაფის მფლობელის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს ფესტივალის დაცარიელებული ტერიტორია და ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ ასეთი სიცარიელე იყო ფესტივალზე თითქმის მთელი მისი მიმდინარეობის განმავლობაში და რომ ფესტივალის ორგანიზატორმა, გიროგი სიგუამ სახელმწიფოდან გამოყოფილი მილიონები მიითვისა და ფესტივალის განვითარებაზე არ დაუხარჯავს.

ვიდეოს ავტორი ასევე აცხადებს, რომ ფესტივალზე ნარკოტიკები პირველივე დღიდან იყიდებოდა  და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს დაჭერები, ფესტივალზე ნარკოტიკებისგან გოგო რომ გარდაიცვალა.

“ვითომ არ იცოდნენ, რომ იყიდებოდა ტერიტორიაზე. პირველივე დღიდან ყველაფერი იყიდებოდა აბსოლუტურად. გუშინწინ დაიწყეს შევარდნები, ის საწყალი გოგო რომ გარდაიცვალა, მაგიტომ. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, მასე მოუვიდათ. აი იმ საწყალი გოგოს მერე დაიწყეს დაჭერები. ვითომ არ იცოდნენ, რომ რაღაცები იყიდებოდა,” – ამბობს ვიდეოზე კაფის მფლობელი.

ვიდეოს ავტორი ასევე საუბრობს, რომ ფესტივალის ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ მილიონები აიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან, მაგრამ ფესტივალის განვითარებისთვის არაფერი დაუხარჯავს, არ მოუწყვია ფესტივალის ტერიტორია, არ ჩამოუყვანია პოპულარული დიჯეები და ამის გამო ფესტივალი ჩავარდა და ფესტივალის ტერიტორიაზე ობიექტების მფლობელები ფინანსურად დაზარალდნენ.

“ერთ თვიანი ფესტივალი სინამდვილეში იყო ზუსტად ერთდღიანი ფესტივალი. ხედავთ, როგორი უკაცრიელია აქაურობა. გახსნის დღიდან ასე იყო, უბრალოდ სოლომონზე ჩამოვიდა დაახლოებით 10 ათასი ადამიანი და მეორე დღესვე წავიდა. სიგუას ფეხებზე ჰკიდია ასი ვენდორი, ჩვენ ავაშენეთ აქ ყველაფერი. სიგუას ლარი არ დაუხარჯავს, მხოლოდ ძალიან ბევრი ფული აიღო და ქართველ მსმენელს გვაკადრა სტივ აოკი და ვიღაც მოგონილი დიჯეები. დიდი იმედი მაქვს, რომ ფესტივალის დამთავრების შემდეგ პასუხი მოეთხოვება გიორგი სიგუას. მინიმუმ აუდიტი მაინც უნდა შევიდეს მის ოფისში და დაითვალოს, სად წავიდა ამდენი მილიონი, სახელმწიფოს რესურსი,” – ამბობს ვიდეოს ავტორი.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=2cywzSfd1w4