უცხოეთიდან დაფინანსებული ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები მცირე ქვეყნებისთვის პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეა

ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვლენა, რომელიც საქართველოში დაახლოებით ორი ათწლეულის წინ გაჩნდა  და დღეს უკვე ამ ორგანიზაციების შესახებ მეტ-ნაკლებად სმენია ყველას, ვინც ოდნავ მაინც ადევნებს პოლიტიკას თვალყურს.

ყველას უნახავს ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთგვარი ექსპერტების რანგში ლამის მუდმივ რეჟიმში რომ სხედან ტელეეთერებში ნებისმიერ ასე თუ ისე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ სოციო-კულტურულ საკითხზე და პრეტენზიულ-დამრიგებლური ტონით პოლიტიკოსებს, მედიას და მთლიანად საზოგადოებას ასწავლიან, რა პოზიცია და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ თემის მიმართ.

მაგრამ რას წარმოადგენენ ფონდები, რომლებიც ამ ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსებაში მხოლოდ საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით დოლარს დებენ (საქართველოსნაირი ქვეყნები კი უამრავია) და რა მიზანი აქვთ მათ, ბევრისთვის რაღაც გაურკვეველ, ინტუიტიურ წარმოდგენად რჩება.

რეალურად უცხოეთიდან დაფინანსებული ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები არის სახელმწიფოში გარკვეული იდეოლოგიურ-პოლიტიკური ფონის დამყარების და განმტკიცების, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს პოლიტიკის მართვის ძალიან ეფექტური მექანიზმი.

ამ ორგანიზაციების საქმიანობის მთელი შინაარსი ლოგიკურად რომ გავაანალიზოთ, ცხადი ხდება, რომ იქნება ეს ზოგადად იურიდიული უფლებადამცველი ორგანიზაციები, ფემინისტური ორგანიზაციები, ჰომოსექსუალების უფლებადამცველი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები თუ ლიბერალური ფონდებიდან დაფინანსებული მედია-ჯგუფები, ყველა მათგანის შემთვხევაში საქმე გვაქვს კარგად დაფინანსებულ, ორგანიზებულ, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებთან, რომელთა საქმიანობის შინაარსიც გარკვეული იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოზიციის დასაბუთებაში, განმტკიცებაში და გავრცელებაში მდგომარეობს.

არასამთავრობოების რა შინაარსის საქმიანობასაც არ უნდა შევეხოთ, უფლებადამცველ აქტივობებს, სხვადასხვა თემატიკის საპროტესტო აქციებს, ტელე-გამოსვლებს, მთლიანად მედია-აქტივობებს, პოლიტიკური პროცესების ანალიზს თუ საგანმანათლებლო პროექტებს, ყველა ამ პროცესის ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი მიზანი რეალურად სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურ, მედია და საგანმანათლებლო სივრცეში, შემდეგ კი უკვე მთლიანად საზოგადოების ცნობიერებაში კონკრეტული იდეოლოგიური პოზიციის დომინირების მიღწევა.

ანუ, მარტივად რომ აღვწეროთ, როცა სახეზე გვაქვს, ვთქვათ, ფემინისტური ან ჰომოსექსუალების უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლის წევრებიც საზოგადოებაში არსებული ეკონომიკური ვითარების კვალობაზე საკმაოდ მაღალ ხელფასებს იღებენ და მთელ დროს ხარჯავენ საკუთარი იდეოლოგიური პოზიციის გამამყარებელი რაც შეიძლება ეფექტური არგუმენტების შესწავლაზე და საზოგადოებისთვის მიწოდებაზე, ვიღებთ პროფესიონალურ, დაფინანსებულ ჯგუფს, რომლის კომპეტენციის და ეფექტურობის ხარისხი მოცემული საზოგადოებისთვის საკმაოდ მაღალია და რომლის წევრებიც საკუთარ სფეროში ეფექტური, მომგებიანი იდეოლოგიური ბრძოლის წარმოების ერთგვარ პროფესიონალ სპეციალისტებად ყალიბდებიან.

ამავე დროს საზოგადოებაში იმავე თემატიკაზე მომუშავე კიდევ ათეულობით უცხოეთიდან დაფინანსებული ლიბერალური ჯგუფია და პარალელურად სხვა იდეოლოგიურად მნიშვნელოვან მიმართულებებზეც უამრავი მსგავსი არასამთავრობო ჯგუფი მუშაობს. შესაბამისად, ჩნდება იდეოლოგიური ბრძოლის და დებატების მოცემული საზოგადოებისთვის საკმაოდ მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მთელი არმია.

ამას თან ერთვის ისევ უცხოური ლიბერალური ფონდებიდან  დაფინანსებული მედია ჯგუფები, რომლებიც საკუთარი არასამთავრობოების იდეოლოგიურ არგუმენტებს და აქტივობებს რაც შეიძლება მომგებიანად აწვდიან საზოგადოებას.

ანუ სახეზეა გარკვეული იდეოლოგიური პოზიციის რაც შეიძლება ეფექტურად ჩამოყალიბების, შეფუთვის და გავრცელების კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული მთელი ქსელი.

ახლა რა ხდება საპირისპირო, კონკურენტ იდეოლოგიურ ბანაკში ან ბანაკებში: მცირე და ღარიბ ქვეყნებში, განსაკუთრებით თუ იქ არ არის ჩამოყალიბებული ალტერნატიული იდეოლოგიური კურსი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, თითქმის საერთოდ არ არსებობს ალტერნატიული იდოელოგიური არასამთავრობო სექტორი. მცირე საზოგადოებებს ასეთი არასამთავრობო სექტორის საკუთარი ხარჯებით შენახვის ფუფუნება საერთოდ არ გააჩნიათ. თუ ვინმე აქტიურობს კონკუტრენტი იდეოლოგიური ბანაკიდან, ვთქვათ, კონსერვატორებიდან, მხოლოდ მცირერიცხოვანი ენთუზიასტების ჯგუფები, რომელთა უდიდესი ნაწილი ამ აქტივობაში არანაირ ანაზღაურებას არ იღებს, ამიტომ უწევს შემოსავლის მისაღებად პარალელურად სხვა საქმიანობის წარმოებაც, შესაბამისად მათი აქტივობა არაინტენსიური და ნაკლებ კომპეტენტურია.

ცხადია, მედია საშუალებები, რომლებიც ამ მხარის პოზიციებს გამოხატავენ, საზოგადოების ფინანსური სისუსტის გამო, ასევე ბევრად მცირერიცხოვანი, ღარიბი და შესაბამისად უხარისხოებია.

შედეგად ქვეყანაში ვიღებთ საზოგადოებრივი იდეოლოგიური დებატების ფონს, სადაც ერთ-ერთი, გარედან დაფინანსებული და უფრო მდიდარი მხარე ბანალურად უფრო აქტიური, ეფექტური და კომპეტენტური ჩანს. შესაბამისად მისი იდეოლოგიური პოზიცია თანდათან მკვიდრდება და მისი გავლენა სულ უფრო მკაფიო ხდება ჯერ მედიაში, რომლის მოზრდილი ნაწილი საერთოდ ლიბერალური ფონდებიდან ფინანსდება, შემდეგ საგანმანათლებლო სისტემაში, სადაც ასევე დიდია გარე დაფინანსება და ბოლოს პოლიტიკურ ელიტაში, რომლის გავლენაც დიდწილად დგას მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობაზე და რომლის შემადგენლობაც აქტიურად ივსება სწორედ ამ არასამთავრობო სექტორიდან.

ანუ, ფაქტიურად ქვეყანა იღებს პოლიტიკური მმართველობის ყველა საკვანძო სფეროში თითქმის სრულ იდეოლოგიურ კონტროლს უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების ხელში.

ამ ვითარებაში, როცა მედიის და პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ერთი იდეოლოგიური ქსელის გავლენის ქვეშ არის, თუნდაც მთელი საზოგადოების იდეოლოგიურ-პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავებული იყოს, მათი პოზიცია უბრალოდ აღარსად ჟღერს, ან ჟღერს უკიდურესად წამგებიანი და მარგინალური ფორმით, და, შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკაზე ზემოქმედების მათ ხელში არსებული ბერკეტები უსაშველოდ მცირეა.

ანუ, ფორმალურად შეიძლება ჩანდეს, რომ ქვეყანაში გამართული დემოკრატიული სისტემა მოქმედებს და ლიბერალური არასამთავრობოების ქსელი სწორედ ამ სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის არის შექმნილი, მაგრამ რეალურად სწორედ ამ არასამთავრობოების ქსელის საფუძველზე ქვეყანა იღებს პოლიტიკურ და მედია მონოპოლიას, სადაც ლიბერალური იდეოლოგიის ან მისი გარკვეული ასპექტების და ნორმების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის, ვთქვათ კონსერვატორთა პოლიტიკური ჯგუფებისთვის მხოლოდ ფორმალური, მარგინალური არსებობის საშუალება რჩება.

და თუ დიდი და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში კიდევ არის იმის შანსი, რომ კონკურენტული გარემო არსებობდეს, მაგალითად, საზოგადოებრივმა ინტერესმა და მისმა ფინანსურმა შესაძლებლობებმა მოახერხოს საწინააღმდეგო პოზიციის მქონე მაღალი ხარისხის მედია-ორგანიზაციების შენახვა, მცირე და ღარიბ ქვეყნებში ამისი შანსი ფიზიკურად არ არსებობს.

ანუ, რეალურად, მცირე ქვეყანაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების შეუზღუდავი საქმიანობის დაშვება იმ მოცემულობის დაშვებაა, რომ უცხოურმა დონორმა ორგანიზაციებმა დიდწილად ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეზღუდვა მოახერხონ, როცა მათი გავლენა იმდენად დიდი ხდება, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში მათი ინტერესების და პოზიციების წინააღმდეგ მოქმედების საშუალება თითქმის აღარ რჩება.

სწორედ ამიტომ, ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიც კი, როგორიც ისრაელი და უნგრეთია, აცხადებენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები მათ პოლიტიკურ სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან და ამ ორგანიზაციების საქმიანობას გარკვეულ საკანონმდებლო შეზღუდვებს უწესებენ.

მეტიც, აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლებაც კი გლობალისტი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯანსაღი პოლიტიკური გარემოსთვის საფრთხედ განიხილავს.

ანუ იდეოლოგიური ქვეტექსტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების კარგად დაფინანსებული ქსელის ეფექტურობა იმდენად დიდია, რომ მას მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატზეც შეუძლია უზარმაზარი გავლენის მოხდენა. ხოლო ჩვენნაირი მცირე და ღარიბი ქვეყნის შემთხვევაში ის თითქმის განუსაზღვრელი კონტროლის საშუალებას იძლევა.

ამიტომ ჩვენნაირი ქვეყნისთვის უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობაზე გარკვეული საკანონმდებლო კონტროლის დაწესება ზედმეტი გარე გავლენებისგან დაცული, სუვერენული პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

და ამ ნაბიჯის და მისი სასურველი ფორმების განხილვა საზოგადოებაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირის წევრ უნგრეთში უკვე დაფიქსირდა უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებზე საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესების პრეცედენტი, ხოლო ეროპის ქვეყნებში და აშშ-ში აქტიურად მზარდი პოპულარობის პატრიოტული ძალები სულ უფრო მკაფიო კრიტიკას გამოთქვამენ მსგავსი არასამთავრობოების მავნებლურად ზედმეტ გავლენებთან დაკავშირებით.

 

ავტორი: შოთა მარტინენკო