სოროსმა ქართული მედიის კონტროლზე მხოლოდ ფონდ “ღია საზოგადოებიდან” ბოლო 10 წელიწადში 7 მილიონი დოლარი დახარჯა

გლობალისტი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდის, „ღია საზოგადოება საქართველოს“ მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2008 წლიდან დღემდე ფონდმა საქართველოში სხვადასხვა მედია საშუალებების და პროექტების დაფინანსებაზე 7 მილიონი დოლარი დახარჯა. ანუ, ფაქტიურად, სოროსის ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ 700 ათას დოლარს ხარჯავდა საქართველოში მისთვის სასურველი მედია-პროპაგანდისტული გარემოს შესაქმნელად.

აქ საუბარია მხოლოდ თანხებზე, რომლებიც სოროსის ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ საიტზეა მითითებული. ხოლო იმის გარკვევა, ამის გარდა სოროსის სხვა ფონდებიდან კიდევ რამდენი დაიხარჯა ქართულ მედია სივრცეში სასურველი იდეოლოგოირუი გავლენის მოსაპოვებლად, ალბათ შეუძლებელია. ფაქტია, რომ საქართველოში მედიას და არასამთავრობო ჯგუფებს კიდევ არაერთი სოროსთან დაკავშირებული თუ დაუკავშირებელი ლიბერალური უცხოური დონორი ორგანიზაცია აფინანსებს და ჯამში მათ მიერ დახარჯული თანხა, ცხადია, განუზომლად მეტია, ვიდრე სოროსის ფონდის მიერ საკუთარ საიტზე დაფიქსირებული ეს 7 მილიონი.

საქართველოსნაირ მცირე და ღარიბ ქვეყანაში, რომლის საზოგადოება და თავისუფალი ბაზარი რეალურად ვერ ახერხებს კონკურენტული და მრვალფეროვანი მედია გარემოს შენახვას, უცხოეთიდან ამხელა თანხების მედია სივრცეში ჩადება და მკაფიო იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოზიციის მქონე, უხვად დაფინანსებული მედია ჯგუფების შექმნა თანდათან იდეო-პოლიტიკური საინფორმაციო მონოპოლიის მოპოვების წინაპირობაა.

რაც საქართველოში უკვე შემდგარი მოცემულობა ჩანს: როცა ერთის მხრივ სახეზე გვაქვს, მაგალითად კონსერვატიული პოზიციის მქონე, ტექნიკურად და ფინანსურად გაუმართავი და შესაბამისად პროფესიონალურად არასრულფასოვანი მედია-საშუალებები, რომლებიც უკიდურესად ღარიბი სარეკლამო ბაზრის იმედზე მუდმივი ყოფნა-არყოფნის რეჟიმში არსებობენ, მეორეს მხრივ კი ვხედავთ უხვად დაფინანსებულ (მაგალითად გამოცემა „ლიბერალს“ მხოლოდ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოებისგან“ 600 ათას დოლარზე მეტი აქვს აღებული, გამოცემა „ნეტგაზეთს“ კი 400 ათას დოლარამდე) და შესაბამისად ტექნიკურად და პროფესიონალურად გამართულ ლიბერალურ მედიებს, რომლებზეც ნაკლებ აისახება ქართული სარეკლამო ბაზრის ფინანსური სიმწირე, რადგან მათი დაფინანსების წყაროები ქვეყნის გარედან მოედინება და რომლებსაც ამ მოცემულობის შედეგად, ფაქტიურად, პროპაგანდისტული მონოპოლია აქვთ ქვეყანაში მოპოვებული.

და ამ უთანასწორო მოცემულობას იმ ძალიან სამწუხარო დასკვნამდე მივყავართ, რომ საქართველოსნაირი მცირე და ღარიბი სარეკლამო ბაზრის მქონე ქვეყანაში უცხოეთიდან მედია-სივრცის დაფინანსების შეუზღუდაობა და უკონტროლობა საინფორმაციო და იდეო-პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინაპირობა კი არა, გარე პოლიტიკური ჯგუფების ინფორმაციული დიქტატის დამყარების წინაპირობაა, როცა უცხოური დონორი ორგანიზაციები იმდენად დიდ ფულს ჩადებენ ქვეყნის მედია-სფეროში, რომ ადგილობრივი იდეო-პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი მედაი-ჯგუფები მათთან კონკურენციის საშუალებას დაკარგავენ და ქვეყნის საინფორმაციო სივრცე უკეთეს შემთხვევაში უცხოური ინტერესთა ჯგუფების იდეოლოგიური ბრძოლის მოედნად იქცევა, ხოლო უარეს შემთხვევაში ერთი უცხოური ჯგუფის უალტერნატივო მონოპოლიად.

სამწუხაროდ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში მეორე, უარესი ვარიანტი უკვე შემდგარი მოვლენაა.

 

ავტორი: შოთა მარტინენკო

 

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ გაცემული გრანტების ბაზა: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=26

 

ავტორი: შოთა მარტინენკო