პროკურატურა 46 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა 46 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს  თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  გაჩერებული იქნა „მერსედესის“ ფირმის რეანომობილი, რომლის მძღოლს ჯ.ხ.-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი 22 აბი,  ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ  რეანომობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებული იქნა დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულის სახით დაკავებულმა ჯ.ხ.-მ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა  (შემდგომ სასამართლო პროცესზეც მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა), რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გ.გ.-მ გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გ.გ-სა და ჯ.ხ.-ს ერთ პერიოდში  თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი.

აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ოპერატიული ღონისძიებების გატარებით, სამართალდამცველების მიერ დადგენილი იქნა გ.გ.-ს ადგილსამყოფელი. 2017 წლის 25 იანვარს ბათუმიდან ტაქსით თბილისში მიმავალი გ.გ. გაჩერებულ იქნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე. მისი პირადი ჩხრეკისას,  ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების „ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი.

ჯ.ხ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი  წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ  ჯ.ხ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, ამ უკანასკნელის შესაძლო თანამონაწილეების მიმართ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო, ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.