პარლამენტის წევრი ალექსანდრე ერქვანია: დღეს ზოგიერთს მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლება ჰგონია, ხოლო უზნეობაზე პროტესტის გამოხატვა – დანაშაული

პარლამენტის დეპუტატმა და პარტია “ქართული ოცნების” წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაცია “ქართული მარშის” დაკავებული წევრების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

“დღეს სამწუხაროდ ზოგიერთს მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებლების შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლება ჰგონია, ხოლო მათი მხრიდან უზნეობაზე პროტესტის გამოხატვა – დანაშაული.

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მითუმეტეს ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, რადგან ქრისტიანობა დაფუძნებულია სიყვარულზე და ღმერთი არის სიყვარული, მაგრამ ძალადობის პროვოცირებაც დასაგმობი და მიუღებელი უნდა იყოს. ქართველ ადამიანს აქვს მოთმინების დიდი უნარი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სამშობლოს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ერის რჩეულ ადამიანებს, ზნეობასა და ღირსებას, მოთმინება და დუმილი დანაშაულია. სხვას ვერ მოთხოვ შენი ერის პატივისცემას, თუ შენ თვითონ არ სცემ პატივს შენს წარსულსა და ისტორიას. ღირსებააყრილი, თავისი ისტორიის და სახელოვანი წინაპრების შეურაცხმყოფელი, დამონებული და უთავმოყვარეო ერი არც ევროპას სჭირდება და არც არავის.

ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ და არავის არ უნდა მივცეთ ჩვენი ერის, სარწმუნოების, წმინდანებისა და წინაპრების შეურაცხყოფის უფლება.

სამწუხაროდ ქვეყანაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გაუპროტესტებია აღნიშნული ფაქტები. ეს ალბათ იმიტომ, რომ ზნეობისა და ღირსების დაცვა არ ფინანსდება, ამისთვის გრანტებს არ იძლევიან.

დღეს დიდი შვიდეულის ოთხშაბათია, დღე, როცა იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა ქრისტე. თქვენც ნუ გაყიდით ქრისტეს!” – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.