მეუფე შიო: თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია ჩვენი ერისთვის

საერთაშორისო კონფერენციაზე  „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლისას პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების თანამედროვე გამოწვევებია, როგორ შევინარჩუნოთ ერის ცნობიერება და სულიერი ღირებულებები თანამედროვე, გლობალისტურ, პოსტმოდერნისტულ ეპოქაში.

“დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობებზე რელიგიასა და საზოგადოებას შორის, რაც უპირველეს ყოვლისა, ალბათ გულისხმობს აზროვნების სფეროს ჩვენი ქვეყნისა, რისი განვითარებაც დამოუკიდებელი ეკლესიისა და ავტოკეფალიის გარეშე შეუძლებელია. პირველ რიგში, ჩვენ ვფიქრობთ დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის როლზე და დამსახურებაზე ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მას. ეს ერთ-ერთი უმთავრესი თემაა, რასაც დღეს ეძღვნება კონფერენცია. ეს არის თანამედროვე გამოწვევები, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობიერება ერისა, ჩვენი სულიერი ღირებულებები თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციის ეპოქაში და პოსტმოდერნისტულ ეპოქაში,” – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი განცხადებით, ამ ეპოქის ერთ-ერთი უმთავრესი ტენდენცია სეკულარიზაციის და დესაკრალიზაციის პროცესია, მაგრამ ქართველი ერი აზროვნებით იდეალისტია, რაც ამ პროცესის მიმართ წინააღმდეგობრივი მდგომარეობაა.

“ადამიანი საკუთარ გონებასაც რომ ემორჩილება, ესეც კი ითვლება გარკვეულ ვერტიკალურ ღირებულებად, რაც მიუღებელი უნდა იყოს და რაც თრგუნავს თავისუფლებას. აქამდეც კი მიდის გარკვეული თანამედროვე აზროვნების მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრეფს. ასევე უმთავრესია სეკულარიზაციისა და დესაკრალიზაციის თემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ყველა საზოგადოებრივ დარგში. დესაკრალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად, მაგრამ რეალურად ჩვენი ერი თავისი აზროვნებით არის იდეალისტი ერი. ჩვენთვის ყოველთვის პირველადია იდეა,” – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი შეფასებით, თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას,  დამღუპველია ჩვენი ერისთვის.

“ეს არის სწორედ იდეალისტური ღირებულებები. ამიტომ თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი კონფერენციის მიზანია, ვიფიქროთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე. ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის კიდევ წინსვლისა და გამარჯვებებისა,” – განაცხადა მეუფე შიომ.