თინათინ ხიდაშელს წამოცდა, რომ მისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია რუკა, რომლის მიხედვითაც რუსეთი საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებს ავლებს, მაგრამ ისინი ამ ინფორმაციას ხალხს არ აწვდიან

დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რეალურად რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია კი არა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის იმ საზღვრების გავლება მიდის, რომლის ლეგიტიმაციაც 2008 წელს სააკაშვილმა მოახდინა, ქართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ერთ-ერთი, ვინც სერგეენკოს განცხადება გააკრიტიკა, იყო საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი. მან ფეისბუქზე დაწერილ პოსტში განაცხადა, რომ სერგეენკოს განცხადება, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად წამგებიანია, არც ტექნიკურად არის სწორი, რადგან რუსეთი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკას კი არ მიჰყვება, მას გააჩნია ოლქის სხვადასხვა დროის რუკების ჰიბრიდული ვარიანტი, რომელიც ყველა დროის ყველაზე უკიდურეს წერტილებს აერთებს, ამ რუკით ხელმძღვანელობს რუსეთი საზღვრების დადგენისას და ეს რუკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც გააჩნია.

“ბატონი სერგეენკოს განცხადება ტექნიკურადაც არ არის სიმართლე, რომ არაფერი ვთქვათ მის პოლიტიკურ შემადგენელზე.
თუმცა აქ დავით სერგეენკო არაფერ შუაშია. ეს იმ უწყებების ბრალია ვინც მსგავს ინფორმაციას აწვდით მთავრობის სხდომებზე.
სსრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ტექნიკურადაც კი არ არის სიმართლე მისი სიტყვები.
ოკუპანტი სახელმწიფო არ მიყვება არავითარ ავტონომიური ოლქის რუქას. ეს არ არის სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ მათ ოლქის სხვადასხვა დროის რუქების ჰიბრიდული ვარიანტი უჭირავთ ხელში, რომელიც ყველა დროის ყველაზე უკიდურეს წერტილებს აერთებს.
ეს რუქა თავდაცვის სამინისტროში არის, ვინაიდან ბატონი სტოლტენბერგის ვიზიტის წინ დავამზადებინე და შეუძლიათ გამოიყენონ სურვილის შემთხვევაში.
პოლიტიკურ შემადგენელზე აღარაფერს ვამბობ.” – დაწერა ფეისბუქზე თინათინ ხიდაშელმა. 

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ამ პოსტში საინტერესოა ის მომენტი, სადაც ხიდაშელი აღიარებს (როგორც ჩანს, რეალურად ვერც კი მიხვდა, რისი აღიარება გამოუვიდა), რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებობს რუკა, სადაც ნაჩვენებია, რა ტერიტორიებს მიჰყვება რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების დადგენისას და მავთულხლართების გავლებისას, ანუ ხიდაშელისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის უკვე ცნობილია ის ფარგლები, რომელსაც რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაწილად აცხადებს და დღეს თუ ხვალ იქ მავთულხლართებს გაავლებს, მაგრამ ამ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება ფართო საზოგადოებას უმალავს.

ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუძლია წინდაწინ გააფრთხილოს მოსახლეობა, რომელ ტერიტორიებს მოიაზრებს რუსეთი ოკუპირებულად და სად გაავლებს დღეს თუ ხვალ მავთულხლართებს ანუ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციის მიწოდებით შეუძლია დაიცვას გლეხები, რომლებიც ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თესავენ სოფლის მეურნეობის კულტურებს, შემდეგ კი იქ მავთულხლართების გავლების გამო ჰკარგავენ მოსავალს და იღებენ ფინანსურ ზარალს, ასევე ხელისუფლებას შეუძლია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებით, თუ სად გადის რეალურად საოკუპაციო ხაზი, მათი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის პრევენცია მოახდინოს და ამით მათი უსაფრთხოება დაიცვას.

თინათი ხიდაშელის განცხადებით, ეს რუკა თავდაცვის სამინისტროში უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდიდან არსებობს, მაგრამ ისინი არ ჩქარობდნენ და არც ახლა ჩქარობენ ან ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და ამით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ფიზიკური და ფინანსური დაცულობის გაზრდას.

 

თინათინ ხიდაშელის პოსტი ფეისბუქზე: