გერმანია: აშშ-ს ახალმა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა ევროპის ენერგომომარაგებას ავნოს

აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი სანქციების გამო შესაძლოა ევროკავშირის ენერგომომარაგება დადგეს დარტყმის ქვეშ. ასეთი განცხადება რუსეთთან თანამშრომლობის საკითხში გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, გერნოტ ერლერმა გააკეთა.

“პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ზე უარის თქმა პირდაპირ გაწერილია სანქციების კანონის ტექსტში, მაგრამ სანქციების ქვეშ შეიძლება მოყვეს ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირსა და რუსეთს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა, მათ შორის, იმ მილსადენების რემონტი, რომლებზეც ევროკავშირის ენერგომომარაგებაა დამოკიდებული.” – განაცხადა ერლერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ სანქციებს საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტის, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და საკუთარი საერთშორისო გავლენის გაზრდის მიზნით იყენებს. მისი განცხადებით, აქამდე აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ევროკავშირთან შეთანხმებით აწესებდა, მაგრამ ახლა აშშ-ს პოლიტიკა ამ კოორდინირებული მოქმედების მიღმა გავიდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ჯერ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი აშშ-ს სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ახალი სანქციების კანონი დასამოწმებლად ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა გადაეგზავნოს და მის მიერ დამოწმების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პროექტი ამოქმედდება.

წყარო: https://www.noz.de/deutschland-welt/politik/artikel/928524/us-sanktionen-erler-warnt-vor-folgen-fuer-eu#gallery&0&0&928524