გერმანელი მოზარდი გოგო, რომელმაც ისლამი მიიღო და ისლამურ ხალიფატს შეუერთდა, შესაძლოა ერაყში სიკვდილით დასაჯონ

გერმანელი მოზარდი გოგო, ლინდა ვენზელი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ისლამი მიიღო, ერაყში გაიპარა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ ხალიფატს” შეუერთდა, შესაძლოა ერაყის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯოს.

ამის შესახებ განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ გააკეთა. პრემიერის განცხადებით, მისი ბედი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

“თქვენ იცით, რომ გარკვეული კანონების თანახმად, მოზარდებიც პასუხისმგებლები არიან მათ მოქმედებებზე, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას,” – განაცხადა პრემიერმა.

ლინდა ვენზელი ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქ მოსულში ისლამურ ხალიფატთან წარმოებული ბრძოლების დროს დააკავეს. ერაყელი სამართალდამცავების ინფორმაციით, გერმანელი მოზარდი ტერორისტულ ორგანიზაციაში ქალების ქცევის კონტროლზე პასუხისმგებელ მორალის პოლიციის ქვედანაყოფში მუშაობდა.

გამუსლიმებულ გერმანელთან შეხვედრის შემდეგ ერაყელი ჟურნალისტი, ამირ მუსავი ყვება, რომ გოგომ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ვერც კი აცნობიერებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და რამდენად მძიმე ბრალდებების ქვეშ არის.

“ის აცხადებს, რომ უბრალოდ სახლში დაბრუნება უნდა, თითქოს ეს მხოლოდ მოგზაურობა იყო, რომელიც არ მოეწონა და დასრულება უნდა,” – აღწერს გოგოს განწყობას ჟურნალისტი.

წყარო: http://www.independent.co.uk/news/world/german-isis-bride-teenage-iraq-death-penalty-hanging-linda-wenzel-a7952876.html